Главная » 2015 » ნოემბერი » 16 » აკაკი წილოსანი: „თმის ცვენის მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში გენეტიკაა, დანარჩენი ფაქტორები უბრალოდ ხელის შემწყობია“
15:17
აკაკი წილოსანი: „თმის ცვენის მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში გენეტიკაა, დანარჩენი ფაქტორები უბრალოდ ხელის შემწყობია“

თმა და ვარცხნილობა ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. ადრე ვარცხნილობა არამარტო ინდივიდუალურობის გამოხატველი, არამედ ეთნიკური წარმომავლობის მაჩვენებელიც იყო. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში იქაური კლიმატის გამო მამაკაცებიც და ქალებიც ძალიან მოკლედ შეჭრილ თმას ატარებდნენ, თუმცა საზეიმო ვითარებისთვის სხვადასხვა ფორმის პარიკებს ირგებდნენ. რენესანსის ეპოქაში კი მაღალი შუბლის ეფექტისთვის თმასაც იპუტავდნენ და წარბებსაც იუფერულებდნენ.  ვარცხნილობა, თმა და მისი სიჯანსაღე ახლაც აქტუალური თემაა, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი პრობლემების მოგვარება მედიცინის მიღწევების შედეგად გაცილებით იოლია. მკითხველების თხოვნით Populars.ge  კლინიკა “თალიზის“  ხელმძღვანელს, გამოცდილ ქირურგსა და მეცნიერს, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორს აკაკი წილოსანს დაუკავშირდა.

 

_ რა იწვევს თმის ცვენას ადრეულ ასაკში?

_ არსებობს ორი ყველაზე მთავარი მიზეზი: პირველი _ ეს არის ანდროგენული ალოპეცია, რომელიც გენეტიკური კოდით არის გამოწვეული, ხოლო მეორეა _ ე.წ ბუდობრივი ტიპის თმის ცვენა. ბუდობრივი ალოპეცია პატარ-პატარა კერებით იწყება. მისი მიზეზი არის ჩვენს იმუნურ სისტემაში გამოწვეული ძვრები, რომელიც განპირობებულია გაცნობიერებული ან გაუცნობიერებული სტრესით. ანდროგენული ალოპეცია თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ამ ტიპის თმის ცვენას ვხვდებით ქალებშიც. ამის მიზეზად მიჩნეულია შუბლისა და თხემის არეებში არსებული სუსტი თმის „ძირებზე“- ფოლიკულებზე, მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის დამაზიანებელი მოქმედება. მამაკაცის ჰორმონების-ანდროგენების ზემოქმედებით მათდამი მგრძნობიარე ფოლიკულები იღუპებიან და გაიწოვებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონალური ფონი ყველა მამაკაცს ახასიათებს, თმას კარგავენ მხოლოდ ისინი, ვინც გენეტიკურადაა მიდრეკილი თმის ცვენისადმი.

ჩვენ ვცდილობთ თმის ცვენა დაბავრალოთ სხვადასხვა მიზეზს, შამპუნებს, ლოსიონებს, ავიტამინოზს, სტრეს და სხვა ფაქტორებს, მაგრამ ეს არ არის წამყვანი. ნებისმიერ შემთხვევაში თმა სცვივათ ერთნაირი ფორმით, შუბლისა და თხემის არეში, ხოლო კეფაზე მეტნაკლებად რჩება. ამის მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში გენეტიკაა, დანარჩენი ფაქტორები უბრალოდ ხელის შემწყობია.

 

_ როგორ ვუმკურნალოთ თმის ცვენას სახლის პირობებში?

_ დღესდღეობით არსებობს პრეპარატები, რომლებიც მეტნაკლებად აჩერებენ ანდროგენულ ალოპეციას და ეფექტურიცაა,  თმის ცვენა მეტ-ნაკლებად ფერხდება, თუმცა მათი დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა. ხალხური საშუალებები, როგორიცაა დათვის ქონი, აბუსალათინის ზეთი, ხახვი, წიწაკა და სხვა მედიცინაში უკვე სასაცილოდ აღიქმება.

 

_ ამჟამად თმის გადანერგვის როგორი მეთოდები არსებობს და რა გასხვავებაა მათ შორის?

_ არსებობს ორი ძირითადი მეთოდი. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაცია დღეისთვის თმის გადანერგვის ძირითადი მეთოდია, რომლის დროსაც სადონორო მასალის მოპოვება ხდება კეფის არედან ელიფსური ფორმის ზონრის სახით. სადონორო ზონრიდან შემდგომში პრეპარირდება ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებები (გრაფტები), რომელთა იმპლანტირება ხორციელდება გაკეთებულ მიკროხვრელებში. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციის მეთოდის ერთადერთ ნაკლს წარმოადგენს სადონორო ზონრის მოპოვების შემდეგ კეფის არეში ხაზოვანი ნაწიბურის განვითარება. თუმცა მოკლე თმაზეც საკმაოდ ძნელი შესამჩნევია.

მეორე მეთოდია ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქცია. ეს არის თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების (თმის ძირების ჯგუფების) მოპოვება ხდება უშუალოდ სადონორო ზონიდან (კეფიდან ან სხეულიდან) სპეციალური უწვრილესი მბრუნავი ტროაკარებით ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე. ფოლიკულური გაერთიანების ექსტრაქციის მეთოდის დროს ვერანაირ ნაწიბურს ვერ იპოვით. მეთოდებს შორის სხვაობა არის მხოლოდ ის თუ როგორ მოვიპოვებთ ამ ფოლიკულურ გაერთიანებებს.

გამოყოფენ მესამე სახის მკურნალობის სტილსაც _ სხეულიდან თმის გადანერგვის მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში  მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (ხელებიდან, მკერდიდან, ფეხებიდან). რომელი მეთოდით გადავნერგავთ თმას ამას თვითონ პაციენტი ირჩევს.

 

_ რამდენ ხან გრძელდება ოპერაცია და საშუალოდ, რამდენი გრაფტის გადანერგვაა შესაძლებელი ერთი პროცედურის  დროს?

_ ზონრის ვერსიის დროს 3-4 საათი სჭირდება და ჩვენი რეკორდი 62000 გრაფტია, ხოლო ექსტრაქციის მეთოდი ორჯერ დიდხანს, 6-7 საათი მიმდინარეობს და დაახლოებით 42000 გრაფტი ანუ 85000-მდე თმის ძირი გადაგვინერგავს. ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება და აბსოლუტურად უმტკივნეულოა.

 

_რამდენად გარანტირებულია შედეგი, როგორც ამბობენ, გადანერგილი თმა არ სცვივათ?

_ ჩვენს პაციენტებს ვაძლებთ სრულ გარანტიას, რომ გადანერგილი თმა არამარტო ამოუვათ, არამედ აღარ გასცვივდებათ. ამის თქმის უფლებას გამოცდილება გვაძლევს.

 

_როგორ მიმდინარეობს პოსტოპერაციული პერიოდი და რამდენ ხანში აქვს პაციენტს ვიზუალური შედეგი?

_ პაციენტი მეორე დღესვე იბანს თავს, უბრუნდება ყოფით ცხოვრებას, შეუძლიათ გაირუჯონ, წავიდნენ ზღვაზე, მიიღონ ალკოჰოლი. რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს. რაც შეეხება ვიზუალურ შედეგს, თმა სამი თვის შემდეგ იწყებს ამოსვლას და რამდენიმე თვეში სრული შედეგი გვაქვს სახეზე.

 


მოამზადა მარი მაკარაძემ

Категория: სილამაზე | Просмотров: 3279 | Добавил: popularsge | Теги: თმის ცვენა | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0
avatar