Главная » 2015 » დეკემბერი » 13 » ლეონარდო და ვინჩის გამონათქვამები
19:11
ლეონარდო და ვინჩის გამონათქვამები

გენიალური იტალიელი მოაზროვნე, (1452-1519), მხატვარი, მოქანდაკე, ხუროთმოძღვარი, აღორძინების ტიტანი, შეუდარებელი ნიჭითა და მომხიბლავი გარეგნობით სიცოცხლეშივე იყო ღვთაებრივ რანგში აყვანილი. ცნობილია გონებამახვილობით, დაკვრით, იგავებით, მექანიკისა და მათემატიკის ღრმა ცოდნით, საფრენი და სხვა აპარატების გამოგონებით, ნახატებით და ჩანაწერებით, რომელთა რიცხვი ათასებს აღწევს. აღორძინების ესთეტიკა უწინარეს ყოვლისა იყო "იდეალის ესთეტიკა"; ლეონარდოს და მისი დროის სხვა ტიტანურ პიროვნებებს სწამდათ მშვენიერების, ჰარმონიისა და რეალური გმირული საწყისის ძლევამოსილობა. 


***
ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის. 


***
სიჭაბუკის მოელვარე მშვენიერება თავის სრულყოფილობის ჟამს იკლებს მეტისმეტად მყვირალა მორთულობისაგან. 


***
როგორც კარგად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს. 


***
სადაც კვდება იმედი, იქ იწყება სიცარიელე. 


***
დიდება შრომის ხელშია. 


***
სიბრძნე _ გამოცდილების ასულია. 


***
მტერი, რომელიც ააშკარავებს შენს შეცდომებს, უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობარი, რომელიც მათ ფარავს. 


***
თითქმის ყოველთვის და ყველგან, სადაც გონივრული საბუთები თავდება, იწყება ყვირილი. 


***
ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, მისი ღირსი არაა. 


***
ბედნიერება მისი ხვედრია, ვინც ბევრს შრომობს.

 
***
ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში. 


***
ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ; ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს. 


***
დედამიწაზე დაეცემიან ზეთისხილები, რომელნიც ცეცხლისთვის ზეთს გვაძლევენ. დიდ ტყეში ხეები და ბუჩქები ფერფლად იქცევიან ; მშობლები ღვიძლ შვილებზე მეტად გერებს დააფასებენ; მაღალი კედლები დიდი ქალაქებისა საკუთარ თხრილებში ჩაწვებიან; ადამიანთა გონება გახდება მათი სიკვდილის მიზეზი; მიწიდან ამოღებული რკინა იქცევა იარაღად. რომელიც ურიცხვ ადამიანს იმსხვერპლებს... ქვა და რკინა ხილულს გახდიან უხილავს. ო, რამდენი დიადი ნაგებობა დაიქცევა ცეცხლისაგან _ ქვემეხთა ცეცხლით!


***
     მრავალნი შეეცდებიან ყოველი ღონისძიებით დაეუფლონ იმას, რაც მუდამ აშინებდათ, და ვერ განჭვრეტენ, რაოდენ სახიფათოა ეს!
    ახმაურდებიან სამარეები, სადაც ძალადობით მოკლულნი განისვენებენ!
                                                                                                                                                        "წინასწარმეტყველებანი"


***
ყოველი საგანი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე, სიცრუე არ დაიფარება.


***
იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს ჩანაწერებს საგანთა მიხედვით დაალაგებენ, შიგადაშიგ ბევრი რამ განმეორდება, რადგან მეხსიერება ყველაფერს ვერ იტევს. მე ას ოცი წიგნი დავწერე, კიდევ სხვა _ ფერწერაზე და მექანიკაზე. 


***
საცოდავია მოწაფე, რომელიც მასწავლებელს არ აღემატება. 
ყმაწვილმა პირველად უნდა ისწავლოს პერსპექტივა, მერე საგანთა ზომა, კარგი ოსტატების ნახატები, ნატურა, სხვა ოსტატთა ტილოები, დაბოლოს, უნდა მიეჩვიოს ყოველი ჩანაფიქრის პრაქტიკულად განხორციელებას. 


***
წყარომ იმდენი მიწა და ქვა დაახვავა თავის კალაპოტში, რომ იძულებული გახდა გაცლოდა და სხვა კალაპოტში ედინა. 


***
კვიპაროსი გადიდგულდა, ტყის გაკაფვა ბრძანა. კენტად დარჩენილს ქარი მიეძალა და წააქცია დაუბრკოლებლად. 


***
ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს. მაშინ გამვლელებმა ის გადაჭრეს. 


***
ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა. ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ.

 
***
მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩიტი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა. 


***
ღვინო ლოთმა გადახუხა _ ღვინომ შური იძია, ლოთი გააგიჟა. 


***
როგორც კი იშობა სათნოება, იქვე გაჩნდება შური. და უმალ სხეული დარჩება უჩრდილოდ, ვიდრე სათნოება შურის გარეშე. 


***
მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები _ ღმერთის მეგობრები არიან. 


***
ჩემი საგნები იშვნენ უბრალო და სუფთა ცდიდან, რომელიც ჭეშმარიტი მასწავლებელია. 


***
მეცნიერების გარეშე პრაქტიკით გატაცებული კაცი ემსგავსება მესაჭეს, რომელიც გემით მიცურავს, არც საჭე გააჩნია, არც კომპასი, არავითარი წარმოდგენა არა აქვს, საით მიცურავს. კარგ თეორიაზე უნდა იყოს დაფუძნებული ყოველი პრაქტიკა. 


***
ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს. 


***
მთვარეს არ გააჩნია თავისი შუქი, მხოლოდ მზის შუქი ხდის მნათობად. 


***
თუ კამათში ავტორიტეტებს იმოწმებ, ამით შენს მეხსიერებას ავლენ, და არა გონებას.             


 

 

სიახლე გაზიარებაში

შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენ მიერ მოწონებული ფრაზა ფეისბუქის გვერდზე გაიზიაროთ, მისი მონიშვნით.

 
Категория: გამონათქვამები | Просмотров: 6738 | Добавил: popularsge | Теги: ლეონარდო და ვინჩის ფრაზები | Рейтинг: 0.0/0
Всего комментариев: 0