00:30 ნინიკო გომარელი: „არ არსებობს სპორტსმენისთვის მარტივი გზა“ | |
„შრომასა და სწავლას ყოველთვის აქვს აზრი, არავინ არ თქვას! რომ ვიცი, რამხელა შრომა აქვს ჩადებული ნინიკოს თავის საქმეში. სისხლები სდიოდა ხელებიდან 13 წლის ბავშვს და მაინც ვარჯიშობდა. სულ ვფიქრობდი, მე რა დედა ვარ, იქნებ უნდა გამოვიყვანო-მეთქი. მაგრამ მასწავლებელი მაჩერებდა, დიდ შედეგებს დადებსო. რა თქმა უნდა, მარტო მე რას ვიზამდი, რომ არა ბავშვიც, თვითონ უნდოდა, არ შეეშვა და აი, შედეგიც, 13 წლიდან თავისი ხელფასი აქვს. დღეს უკვე სპორტის ოსტატია, 75 ჯილდო აქვს“,_ ისე სასხვათაშორისოდ ჩვენს საუბარში აღნიშნა დედამისმა და მე, როგორც ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, მაშინვე დავინტერესდი, ჩავეძიე და ამ საოცარ გოგოს, ნინიკო გომარელს დავუკავშირდი. ნინიკო ევროპის პრიზიორი და ვერცხლის მედალოსანია მძლეოსნობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე (მალტა-2017), საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი, მრავალგზის ჩემპიონი სპორტის ორ რადიკალურად განსხვავებულ სახეობაში_ სპორტულ ტანვარჯიშსა და მძლეოსნობაში, ბევრი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული და პრიზიორია. _ ნინიკო, რამდენი წლის იყავი, როცა ტანავრჯიშით დაინტერესდი? და რატომ გადაწყვიტეთ ოჯახში სწორედ ამ სპორტის სახეობაზე სიარული? _ 10 წლის ვიყავი რომ დავიწყე, გვიან შევედი საკმაოდ. მქონდა მონაცემები, სახლში ყირაზე გადავდიოდი, ძალიან ენერგიული ბავშვი ვიყავი, ცოტა დაგვასვენოს, ენერგია დახარჯოსო და ამიტომ შემიყვანეს ტანვარჯიშზე. მალევე, რადგან მონაცემები მქონდა, ნაკრებში ამიყვანეს. თავიდან არ მინდოდა, თუმცა მერე რომ შევყევი და შედეგი დავინახე, მომინდა. შემდეგ ახლოვდებოდა ოლიმპიადა და რამდენიმე თვეში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ამ ყველაფერმა უკვე ისეთი მოტივაცია მომცა, რომ მომინდა, ამ სპორტს სიღრმისეულად გავყოლოდი. _ როგორ შეაფასებდი შენი წარმატების გზას? _ ზოგადად, არ არსებობს სპორტსმენისთვის მარტივი გზა, თუ რაღაც გამონაკლისი შემთხვევა არ იყო. მით უფრო ტანვარჯიში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სპორტად არის აღიარებული. რთულია იყო ჩემი გზაც, რადგან არ იყო ის პირობები, რაც ტანმოვარჯიშეს სჭირდებოდა. ელემენტარულად არ იყო იმდენი ლეიბი, რომ რბილად დავცემულიყავით. პლუს, უხეშად რომ ვთქვა, ტანვარჯიში სისხლიანი სპორტია და ყოველდღე დასისხლიანებული ხელებით მოვდიოდი, მიტყავდებოდა ხელის გულები და ჩვენს იარაღებზე რჩებოდა სისხლი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ვარჯიშებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, თუმცა როცა მიზანი გაქვს, პატარ-პატარა შედეგებსაც ხედავ, უკვე უმკლავდები და აკეთებ. 2013 წელს ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა წლის საუკეთესო ტანმოვარჯიშედ დამასახელა , 2015 წელს სპორტის ოსტატობა მოვიპოვე. ეს ყველაფერი იმხელა მოტივაციას გაძლევს, რომ სისხლიანი ხელი და 9-საათიანი ვარჯიში აღარ გაშინებს. მთავარი მიზანია, როცა მიზანი გაქვს ადამიანი ყველაფერს შეძლებ. _ არასდროს მოგბეზრებია, არ დაღლილხარ ისე, რომ სპორტისთვის თავის დანებება მოგდომებია? _ კი, როგორ არა, ყოფილა მომენტები, ბევრჯერ მიტირია კიდეც. ამ დროს გვერდზე მდგომ ადამიანებს დიდი მნიშვნელობა აქვს და საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ. მოტივაცია ყოველთვის ვერ გექნება სპორტსმენს, არ არსებობს რომ ყოველთვის გინდოდეს ვარჯიში. ხან დაბადების დღე ემთხვეოდა, ხან ახალი წელი იყო ან კლასელები სადღაც მიდიოდნენ, ჩემთვის წასვლა-წამოსვლა არ არსებობდა. ხან ვამბობ ხოლმე, რომ ბავშვობა არ მქონია. ხან ზამთარი იყო, მციოდა, თუმცა უკვე როცა რეჟიმში ხარ, დისციპლინა გაქვს გამომუშავებული, იცი რომ უნდა გააკეთო, ისიც იცი როგორ დაიღლები, მაგრამ გათვითცნობიერებული გაქვს რომ შენი გასაკეთებელია, მეორე დღეს ისევ კარგად იქნები, დგები და აკეთებ. სამაგიეროდ, როცა მიზანს მიაღწევ უმაგრესი გრძნობაა, რომ გამოგივიდა, დაგიფასდა შრომა, ღმერთის მადლობელი ხარ, გახსენდება გავლილი რთული გზა და ხვდები, რომ ამად ღირდა. _ საერთოდ ამბობენ, რომ სპორტი და სწავლა ერთად შეუთავსებელია, ან სპორტს მიჰყვები ან სწავლას. რას ფიქრობ ამის თაობაზე? _ დიახ, მეც ხშირად მსმენია ეს მოსაზრება. მაგრამ ჩემთვის სპორტთან ერთად ყოველთვის პრიორიტეტული იყო სწავლაც. სკოლის მერე სპორტი მქონდა, როგორც უკვე გითხარით, გზაში ვჭამდი და გზაში ვმეცადინეობდი ხშირად. მე რომ ვჭამდი დედაჩემი სკოლის გაკვეთილებს მიკითხავდა, რადგან დარბაზიდან გვიან, 9-10 საათზე მივდიოდით სახლში და ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი. სახლში რომ მოვდიოდი დედაჩემი მაჭმევდა, მხდიდა, მე ვკარნახობდი და ის მიწერდა სკოლის დავალებებს, რადგან ფიზიკურად ხელის გული ბევრჯერ მთლიანად ატყავებული მქონდა და არ შემეძლო. მაინც ვცდილობდი, რომ სკოლაში კარგად მესწავლა. ჩემი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, კარგად ვსწავლობდი, ჩავაბარე უნივერსიტეტში, მოვიპოვე გრანტი და ჩემი ქულებით მოვხვდი საუკეთესო ასეულში. ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი დავამთავრე ილიაუნში. ვსწავლობდი ჯგუფში, სადაც ყველა ისეთი მოსწავლე ვიყავით, რომლებსაც 95 ქულაზე მაღალი შეფასება გვქონდა მიღებული და ამის გამო შედარებით გაძლიერებულად გვასწავლიდნენ. სხვათაშორის, როცა ჯგუფელებმა პირველ დღეს ერთმანეთი გავიცანით, მახსოვს, იქაც გაუკვირდათ, როგორ დღემდე აქტიური სპორტსმენი და ჩვენს ჯგუფში ხარ, ასე სწავლობო?! ეს სტერეოტიპია. ყოველშემთხვევაში დღესდღეობით სპორტსმენს სპორტთან ერთად ძალიან კარგად სწავლაც შეუძლია. კი, რთულია, მაგრამ შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ სპორტსმენისთვის კარგად სწავლა აუცილებელიაცაა. _ დღესდღეობით რას საქმიანობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები? _ როცა უნივერსიტეტი დავამთავრე იმ წელსვე ჩავაბარე სპორტის უნივერსიტეტში, მინდოდა, რომ მასწავლებელი გავმხდარიყავი. როცა დავამთავრე სკოლაში დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი სკოლა „მერმისი“ იყო, ისე ძალიან მიყვარს ეს სკოლა, რომ აუცილებლად უნდა ვახსენო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ამ სკოლიდან წამოსვლა მომიწია და ახლა 133-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობ. საოცარი ყოფილა ბავშვებთან მუშაობა, უსაყვარლესი მოსწავლეები მყავს, ძალიან შემიყვარდნენ. სხვათაშორის ეს სკოლა დავამთავრე მეც და დღეს პედაგოგი ვარ ჩემს სკოლაში. სკოლის გარდა ვმუშაობ 12 რაუნდში, 12Rounds Boxing Club-ში, როგორც ჯგუფური, ისე პერსონალური ფიტნეს ტრენერი ვარ. ასევე გახლავართ სპორტსმენების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. გაზაფხულიდან უფრო მეტად ვგეგმავ ამ კუთხით დატვირთვას, რადგან სპორტი ჩემია. როდესაც სპორტსმენს მიზნის მიღწევაში ფსიქოლოგიურად, ჩემი ცოდნითა თუ გამოცდილებით ვეხმარები, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. _ რას ურჩევდი, იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა იწყებენ სპორტულ გზასა და კარიერას? _ ასე მგონია, რომ მთავარი ნებისყოფა და დისციპლინაა. ვურჩევდი, დაღლის არ შეეშინდეთ. დაღლა დროებითია. მიმაჩნია, რომ გამორცხულია ადამიანმა რამე მოინდომოს, მართლა იშრომოს დიციპლინირებულად და არ გამოუვიდეს. შრომა ჰაერში არ იკარგება, არ ქრება. ჩემი საყვარელი ფილოსოფოსი მამარდაშვილი ამბობდა, რომ „მსხვერპლი უდრის მადლს“. რასაც დაისახავ მიზნად და რა დონეზეც შენ დღეს დაიხარჯები, ზუსტად იგივე დაგიხვდება წინ. ფიქრია ჭალიძე | |
|
Всего комментариев: 0 | |