დედამიწაზე მრავალი ზღვაა და ყველას თავისი სახელი ჰქვია. მაგრამ ალბათ, თქვენც გიფიქრიათ, თუნდაც ერთხელ, როგორ შეურჩიეს მათ ეს სახელები, მაშინ როდესაც ზოგს საკუთარი სახელწოდება სულაც არ შეეფერება.
მაგალითად შავი ზღვა, ისიც ჩვეულებრივი ლურჯი ფერისაა, მაგრამ ზამთარში როცა ცივი ქარები ქრიან, იღუშება, წყლის ზედაპირი მუქ ფერს იღებს და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. ამიტომაც დაარქვეს მას შავი ზღვა.
ყვითელმა ზღვამ თავისი სახელი მდინარე ხუანხესგან მიიღო, რაც "ყვითელ მდინარეს" ნიშნავს. ეს მდინარე ზღვაში ჩაედინება და ამასთან, ძალიან ბევრი ოქროსფერი ქვიშა ჩამოაქვს, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს აძლევს.
რაც შეეხება ჩრდილოეთში მდებარე თეთრ ზღვას, ის ზამთრობით ყინულის საფარით იფარება და სწორედ ამიტომ უწოდეს თეთრი ზღვა.
წითელი ზღვის წყალი, ისევე, როგორც შავი ზღვის წყალი, ლურჯი ფერისაა, მაგრამ ზოგჯერ მის ზედაპირზე წითელი წყალმცენარეები ამოტივტივდებიან ხოლმე და მაშინ წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს. მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
მარჯნის ზღვას ეს სახელი იმის გამო დაერქვა, რომ მასში უამრავი მარჯნის რიფია განლაგებული.
რაც შეეხება მკვდარ ზღვას, მან ეს სახელწოდება იმის გამო მიიღო, რომ მასში არავითარი ცოცხალი არსება არ ბინადრობს, რადგან მის წყალში მარილის კონცენტრაცია ჩვეულებრივ ზღვის წყალთან შედარებით 10-ჯერ მეტია.
|