12:39 სოსო ბურდულაძე: ”ნევროზის თვითმკურნალობა სასტიკად აკრძალულია” | |
ნევროზი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ნევროზი კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. როგორც ექიმები განმარტავენ, ე.წ ნევროზს გარდამავალი ადგილი უჭირავს ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადებებს შორის. ამ დაავადებას ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია. ის გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მამაკაცებში, ქალებში, ახალგაზრდებში, მოხუცებში და მათ შორის ბავშვებშიც. იმის შესახებ თუ როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, რა სტატისტიკურ მონაცემებს ვფლობთ მასთან მიმართებაში და როგორ უნდა ვებრძოლოთ, პოპულარს.გე-ს კლინიკური მედიცინის ინსტიტუსის ნევროპათოლოგი სოსო ბურდულაძე ესაუბრა.
_ ნევროზი მიეკუთვნება ფუნქციური დაავადებების ჯგუფს. ეს არის არა ორგანული დაზიანება ნევრული სისტემისა, არამედ _ ფუნქციური. ნევროზის დროს, რეალურად, არ არის დაზიანებული არც თავის ტვინი, არც ზურგის ან სხვა ნევრული სისტემის შემადგენელი ნაწილები, მაგრამ ფუნქციურად ხდება ამ სისტემის დაზიანება და მოშლა. ნევროზი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახით, კერძოდ _ გუნება-განწყობის დაქვეითებით, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით, თავის ტკივილებით, გულის ფრიალით, შფოთვით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით, ოფლიანობით, არტერიული წნევის მომატებით და სხვა მრავალი გამოვლინებით.
_ რა იწვევს ნევროზს? _ როგორც წესი, ნევროზი არ არის გენეტიკური დაავადება. ადამიანი სხვადასხვა სახის ნევრული სისტემით იბადება, შესაბამისად, სხვადასხვანაირად რეაგირებს შინაგან თუ გარეგან პრობლემებზე. თავისთავად ნევროზი ეს არის რეაქცია, ასე ვთქვათ, გარკვეული გამაღიზიანებლების მიმართ. მას შეიძლება იწვევდეს პრობლემები ოჯახში, სამსახურში, ასევე მატერიალური არამდგრადობა, სტრესული სიტუაციები პირად ცხოვრებაში ან საზოგადოებაში და ა.შ. გარდა ამ გარეგანი მდგომარეობებისა – ე.წ ეგზოგენური ფაქტორებისა ნევროზს შეიძლება იწვევდეს ენდოგენური ანუ შინაგანი ფაქტორებიც, როგორიცაა რაიმე ორგანული დაავადება, ან რაიმე მედიკამენტების მიღება, ასევე კვებითი პრობლემები და სხვა.
_ ნევროზით დაავადებულ ადამიანს შეუძლია თუ არა თვითმკურნალობა? _ არანაირი თვითმკურნალობა არ შეიძლება, პირიქით, ეს სასტიკად აკრძალულია, რადგან ნებისმიერი ნევროზით დაავადებული ადამიანი დამოუკიდებლად ვერ მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რაც საკმარისი იქნება მისი განკურნებისთვის.
_ შესაძლებელია თუ არა ნევროზით დაავადებული ადამიანის სრულად განკურნება? _ შესაძლებელია სრული განკურნებაც, ნაწილობრივი განკურნებაც და განუკურნებელ შემთხვევებსაც ვხვდებით ხოლმე. საერთოდ, ყველა ადამიანში ნებისმიერი დაავადება, მათ შორის ნევროზიც, ინდივიდუალურია, შესაბამისად, ზოგი აბსოლუტურად იკურნება, ზოგი _ ნაწილობრივ და სამწუხაროდ, როგორც უკვე გითხარით, არიან პაციენტები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან ნევროზით, რადგან მათი განკურნება პრაქტიკულად ვერ ხერხდება.
_ ქართველებში რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება, მსოფლიო ქვეყნებთან შედარებით საქართველო ნევროზით დაავადებულ ადამიანთა რაოდენობით მერამდენე ადგილზეა ? თუ არსებობს ამგვარი მონაცემები ? _ დღესდღეობით საქართველოში სრული სტატისტიკა არ არსებობს. რეალურად, ამის ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ერებში, რომლებიც უფრო მეტი ემოციურობით გამოირჩევიან საქართველო ნამდვილად შედის. დეპრესიული დაავადებების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ავსტრია. სამხრეთის, აზიის ქვეყნებში, სადაც ხასიათი უფრო ტემპერამენტული, ემოციური, ლაბილური ანუ მგრძნობიარეა, იქ უფრო მეტად არის გავრცელებული ამ ტიპის დაავადებები. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენთანაც საკმაოდ გავრცელებულია ნევროზი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციას, რაც ჩვენს ქვეყანაშია.
_ საქართველოში ნევროზით დაავადებულთა უმრავლესობა მიმართავს თუ არა ექიმს? _ სამწუხაროდ, ჩვენთან ამის სტატისტიკაც არ არსებობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენთან – ექიმებთან, ნევროლოგებთან თუ ფსიქიატრებთან საკმაოდ ხშირია დღის განმავლობაში ნევროზით მომართულ პაციენტთა რიცხვი, ზედაპირული დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა ექიმს მიმართავს.
_ როგორ შეიძლება, ებრძოლოს ადამიანი ამ სენს? რა რჩევებს მისცემდით საზოგადოებას? _ პირველ რიგში ვურჩევ, რომ ექიმთან მივიდნენ. გარდა ამისა, ნევროზთან ბრძოლის პროფილაქტიკა ჯანსაღი ცხოვრების წესია – სპორტი, ცურვა და სხვა სახის ვარჯიშები, ასევე, კარგია ბუნებასთან ხშირი კონტაქტი. მკურნალობის დროს პაციენტს არამარტო ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიღება, არამედ შესაძლოა ფსიქო-თერაპევტის დახმარებაც დასჭირდეს. ეს ყველაფერი კომპლექსურია. ასე რომ, ცხოვრების წესის მოწესრიგებით ნევროზის გაჩენის რისკი მცირდება.
| |
|
Всего комментариев: 0 | |